საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

 

ძვირფასო სტუმარო,

ნება მიბოძეთ მოგესალმოთ სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ საქართველო სლოვაკეთის რესპუბლიკაში. საელჩოს საქმიანობის უმთავრეს ამოცანას საქართველოს და სლოვაკეთს შორის ურთიერთობის განმტკიცება და გაღრმავება წარმოადგენს.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სლოვაკეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე განათლების, მეცნიერების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მეგობრული კავშირ-ურთიერთობა და პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ბრძოლას, რომელსაც ქართველი და სლოვაკი ხალხები აწარმოებდნენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, ქართველებს და სლოვაკებს დიდწილად მსგავსი პრობლემების გადაჭრა მოგვიხდა. ამ თვალსაზრისით, ამჟამადაც ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სულ უფრო ფართოვდება ევროპის დემოკრატიული სივრცე და ახალი წევრები უერთდებიან ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებს.

შესაბამისად, იზრდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაც ბევრ სფეროში.

საქართველო და სლოვაკეთის რესპუბლიკა უპირობოდ იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს. სლოვაკეთის მთავრობის მყარი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ურთიერთმხარდაჭერა მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე აზრთა თანხვედრა საერთაშორისო დონეზე გლობალური დღის წესრიგის საკითხებზე და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების არსებული დინამიკა, ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ნაყოფიერს ხდის.

ცენტრალურ ევროპაში მდებარე სლოვაკეთმა წარმატებით გადაწყვიტა ის ურთულესი პრობლემები, რომელთა გადაჭრამ ქვეყანას გაუხსნა ნატოს და ევროკავშირის კარები.

საქართველო ტერიტორიით, მოსახლეობით, ისტორიითა და კულტურით ჰგავს სლოვაკეთს. ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ამ რეგიონსაც, ევროკავშირი და ნატო სულ უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებენ, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ დემოკრატიული რეფორმების წარმატების შემთხვევაში, საქართველო, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მიიღებენ საშუალებას, გახდნენ ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრები.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საელჩოს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი ასევე მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბმულებს.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ გვერდით დაინტერესებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყველა თანამშრომელი მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება და თანადგომა გავუწიოთ სლოვაკეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვა და მისი უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

პატივისცემით,

რევაზ ბეშიძე 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

სლოვაკეთის რესპუბლიკაში