საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

6.05.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.

 
შეხვედრაზე მინისტრებმა  იმსჯელეს ევროკავშირსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის შედეგებსა და მისი განვიტარების შესაძლებლობებზე, რაც მონაწილეთა შეფასებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის’ 10 წლის იუბილეს გათვალისწინებით. ხაზგასმით აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განზომილების სტრატეგიული მნიშვნელობა. ფორმატის შემდგომი განვითარების კონტექსტში ხაზი გაესვა, ინკლუზიურობასთან ერთად, დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის" პრინციპების განმტკიცების აუცილებლობას.
 
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო პერსპექტივების გარდა, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე,  როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება; ეკონომიკური  განვითარება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება.
 
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ფორმატში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის და წარმოადგინა ხედვა 2020 წლის შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აღნიშნა მთავრობის სრული მზადყოფნა, გადადგას შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი დაახლოების მიზნით. ამ კუთხით მან ისაუბრა საქართველს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმების, ასევე ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების როლზე. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს თავისუფალ, სამართლიან და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ორიენტირებულია თითეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სატრანზიტო კავშირების განვითარებას, ამ მხრივ ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან როლს, რაც ასიახა კიდეც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ საინვესტიციო გეგმაში. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს  სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას და იმ ცაკლეულ პროექტებს, რასაც საქართველო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს კასპიის ზღვა - შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზის განვითარებისთვის.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უსაფრთხოების უმაღლესი დონის დიალოგზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და  შავი ზღვის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე. მინისტერიალის მონაწილეებს დავით ზალკალიანმა ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებულ ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღნიშნა ევროკავშირის როლის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ადგილზე ვითარების მონიტორინგის გზით.
 
„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება წელიწადში ერთხელ, ვიშეგრადის ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მთავრობების მიერ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.