საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

6.05.19 ბრატისლავა - სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  დაესწრო სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებას. მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და დოკუმენტური ფილმის "საქართველო -ღვინის სამშობლო" ჩვენება. 

 

“ქართული სადღეგრძელო „გაუმარჯოს“ სხვა ადამიანების გამარჯვების, კეთილდღეობის სურვილს გამოხატავს. მოდით, ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა სწორედ საერთო გამარჯვებას, კეთილდღეობას, წინსვლასა და წარმატებას მივუძღვნათ“ - აღნიშნა მინისტრმა ზალკალიანმა თავის სიტყვაში.

გამოსვლისას მან დადებითად შეაფასა ბრატისლავაში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ფორმატის განვლილი პერიოდი და თანამშრომლობის სამომავალო მიზნები დასახეს. დავით ზალკალიანმა დამსწრე სტუმრებს ასევე გააცნო ის ხელშესახები შედეგები, რაც საქარათველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამ მოუტანა.
 
ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამოს ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარ, ასევე, სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფრგლებში წარმოდგენილ იქნა სამი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო - მარანი, ჩელთი და ქვიბარი.