საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სლოვაკეთის რესპუბლიკის კრიზისების საბჭოს მიერ დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:

🛑13 მარტის დილის 7 საათიდან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში შემოსული სლოვაკეთის მოქალაქეები და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ სლოვაკეთში ცხოვრების უფლება, გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. დაუმორჩილებლობა დაისჯება 1659 ევროს ოდენობის ჯარიმით.

🛑13 მარტის დილის 7 საათიდან აიკრძალა საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა და ავტობუსების მოძრაობა. დაიხურა სლოვაკეთში არსებული ყველა აეროპორტი.
შეზღუდული გრაფიკით მუშაობს სლოვაკეთის ფოსტა და მოქალაქეთა მომსახურების სერვისები.

🛑დაიხურა სათხილამურო კურორტები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი პარკები, ბარები და კაფეები. რესტორნები იმუშავებს შეზღუდული გრაფიკით - საღამოს 8 საათამდე. დაიკეტა ყველა კულტურული დაწესებულება: თეატრები, კინოები, მუზეუმები. აიკრძალა ყველანაირი თავყრილობა. ზემოთხსენებული წესების მიმართ დაუმორჩილებლობა დაისჯება 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმით.

🛑14-15 მარტის, ანუ შაბათ-კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი. ჩვეული სამუშაო განრიგით იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები.

🛑16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით შეწყდება სასწავლო პროცესი ყველა სკოლასა და სასწავლო დაწესებულებაში.

საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ დაიცვათ სლოვაკეთში საგანგებო ვითარების გამოცხადებით ამოქმედებული უსაფრთხოების წესები.

COVID19-ის (კორონავირუსის) სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი ადგილსამყოფელი რეგიონის და/ან ქალაქის მიხედვით შესაბამის საავადმყოფოს ცხელი ხაზის ნომერზე. ცხელი ხაზის ნომრები მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზეhttps://www.mzv.sk/web/en/covid-19.

სლოვაკეთში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებსაც შეძენილი აქვთ სამგზავრო ბილეთი ვენის, პრაღის ან ბუდაპეშტის გავლით საქართველოს მიმართულებით, 2020 წლის მარტის ბოლომდე, გთხოვთ  დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე, მგზავრობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შეგახსენებთ სლოვაკეთში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერს: + 421 918 663 008.​