საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ გამართა ონლაინ ლექცია საქართველოს შესახებ ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

2021 წლის 16 ნოემბერს, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ლექციათა კურსში „Diplomacy in Practice“, სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ გამართა ონლაინ ლექცია საქართველოს შესახებ ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ლექციის მოდერატორი იყო ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დოქტორი ბორის მატოში.
 
ბორის მატოშმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ დროისათვის ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობს 4 ქართველი სტუდენტი. ლექციის დასაწყისში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებულ გამოკითხვაში (ქვიზი) და უპასუხეს კითხვებს საქართველოს შესახებ.
 
ლექციისას ელჩმა რევაზ ბეშიძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის დე-ოკუპაციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების და ქართული კულტურის შესახებ. ასევე მიმოიხილა კოვიდ-19 პანდემიის კუთხით არსებული სიტუაცია  და საქართველოსა და სლოვაკეთის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
 
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.