2022 წლის 7 დეკემბერს, ბრატისლავას საგამოფენო დარბაზში (Zichy Palace) საქართველოს საელჩომ გამართა სლოვაკურ ენაზე ახალი რედაქციით გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ და სლოვაკმა რედაქტორმა სვეტოზარ კრნომ.
ელჩმა აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ 1980 წელს სლოვაკურ ენაზე თარგმნა გამოჩენილმა სლოვაკმა მწერალმა და მთარგმნელმა მილოშ კრნომ, რომელიც „ტატრანის“ გამომცემლობაში დაიბეჭდა. პირველი გამოცემის ტირაჟის შედარებით სიმცირემ და ჟამთასვლამ „ვეფხისტყაოსნის“ სლოვაკური ვერსია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად აქცია. 2022 წელს სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ნიშანდობლივია, რომ მილოშ კრნოს შვილის სვეტოზარ კრნოს დახმარებით, ბრატისლავაში სლოვაკურ ენაზე დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ წინამდებარე გამოცემა. ელჩმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა სვეტოზარ კრნოს გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე მადლიერებით აღნიშნა სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულების ნოდარ გიორგაძის და ფრანკო პიგოცის ღვაწლი, რომლებმაც დაასპონსორეს წინამდებარე გამოცემა 1000 ეგზემპლარი ტირაჟით. ასევე საქართველოს ელჩმა მადლიერებით აღნიშნა საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერების ინსტიტუტის წვლილი, მხატვარ მიხაი ზიჩის გრაფიკული ნამუშვერების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის, რომლითაც დასურათებულია „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარები. საელჩო სტუმრებს ასევე გაუმასპინძლდა ქართული ღვინით. პრეზენტაციას დაესწრნენ სლოვაკეთის აკადემიური და სამეცნიერო წრეების, გამომცემლობების, უნივერსიტეტების და ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, სლოვაკი მწერლები, სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართველი სტუდენტები.