საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2023 წლის 15-17 მარტს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი ბერაიას სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში

2023 წლის 15-17 მარტს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბერაია თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ბერაიას შეხვედრები სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან იურაი კრუპასთან და კომიტეტის წევრებთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიან კერისთან და საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან და სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მარიან მაიერთან.
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.
„სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ურყევია თავის მხარდაჭერაში ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ბერაიამ.
სლოვაკ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რევაზ ბეშიძე დაესწრნენ.