საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე


დღეს, 2023 წლის 1 იანვარს აღინიშნება საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისწრაფებებს. ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფრო უწყობს ხელს საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოების ფუნქციონირება ბრატისლავასა და თბილისში.

ამ ხნის განმავლობაში საქართველომ და სლოვაკეთის რესპუბლიკამ განავითარეს წარმატებული პარტნიორობა, რაც აისახება მზარდ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და ტურიზმის სფეროებში. სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტების მიმართ და მუდმივი პრაქტიკული დახმარება განვითარების თანამშრომლობის პროექტების მეშვეობით, მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და რეფორმების დღის წესრიგში.

სლოვაკეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთმხარდაჭერა კიდევ უფრო ზრდის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.

ვეცდებით, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, გავაფართოვოთ დარგობრივი კავშირები და გავაღრმავოთ ხალხთა შორის კონტაქტები, რაც ურთიერთხელსაყრელ შედეგებს მოგვიტანს მომავალ წლებში.

ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და შობა-ახალ წელს. ვუსურვებ ქართველ და სლოვაკ ხალხს მშვიდობას, წარმატებას, კეთილდღეობას და განვითარებას.

 

რევაზ ბეშიძე

საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში