საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2022 წლის 27 აპრილს, ბრატისლავაში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის. 

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია. კონსულტაციების ფარგლებში, შედგა შეხვედრები სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან - მარტინ კლუსთან (Martin Klus) და ინგრიდ ბროცკოვასთან (Ingrid Brocková).

შეხვედრებისას ვრცლად იქნა განხილული საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი შეეხო უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე აღინიშნა დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა. 

სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა ბიზნეს-წრეებს შორის კავშირების განმტკიცებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად.

კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა სლოვაკეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Slovak Aid-ის მეშვეობით ხორციელდება მიმდინარე რეფორმების  ხელშეწყობის მიზნით. დაფიქსირდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სლოვაკეთის მხარდაჭერასა  და გამოცდილების გაზიარებას.

ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს თვითშეფასების კითხვარზე, რომელიც ევროკომისიისაგან მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის შემდეგ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია პარტნიორთა მტკიცე თანადგომა, მათ შორის, საექსპერტო დახმარების თვალსაზრისით.

სლოვაკეთის მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და დაადასტურა მზაობა, აქტიურად განაგრძოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

თეიმურაზ ჯანჯალიამ სლოვაკ პარტნიორებთან განიხილა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა, რომ საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია, რის შედეგადაც ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ხოლო ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ეთნიკური წმენდის გამო. მინისტრის მოადგილემ სლოვაკურ მხარეს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის  პროვოკაციული ქმედებების შესახებ. აღინიშნა, რომ  შექმნილ რთულ ვითარებაში, პარტნიორთა აქტიურ პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრებისას სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

კონსულტაციების ფარგლებში, საუბარი შეეხო რეგიონულ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს პრიორიტეტების წარმოჩენის თემატიკას.

ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კომუნიკაცია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.