სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბრატისლავაში გამართულ 29-ე ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში
2023 წლის 12 ნოემბერს სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, სლოვაკეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრატისლავას ქალთა საერთაშორისო კლუბის (IWCB) ორგანიზებით ბრატისლავაში გამართულ 29-ე ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში. გამოფენაზე საელჩოს მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინო, ქართული ტრადიციული კერძები და ტკბილეული, სხვადასხვა ასორტიმენტის ქართული ჩაი, ტიხრული მინანქრის სამკაულები, სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, სლოვაკურ ენაზე გამოცემული წიგნები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და „ქართული სამზარეულო“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან მაღალი შეფასება გაკეთდა საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან ასორტიმენტზე და დამთვალიერებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
გაწეული დახმარების და მხარდაჭერისთვის, საქართველოს საელჩო დიდ მადლობას უხდის შპს „ბელგიური ვაფლი“-ს ხელმძღვანელს თინათინ ოსეფაშვილს, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს თეა ტრაპაიძეს და ლელა ჯავახაძეს ქართული კერძების და ტკბილეულის წარმოჩინებისთვის, ქართველ ხელოვანს და ინდმეწარმე ანა ჯანუყაშვილს ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენისთვის და ქართული ჩაის კომპანია „გურიელს“ ქართული ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოდგენისთვის.