Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 19 ივნისს, ბრატისლავაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო სლოვაკურ მხარეს - საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარეკ ეშტოკი

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ორმხრივი დიალოგის გაღრმავებისა და  დარგობრივი კავშირების შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების პრიორიტეტულობას. ყურადღება გამახვილდა სლოვაკეთის მიერ საქართველოში წარმოებულ პროექტებზე, რომლებიც მათ შორის Slovak Aid-ის მეშვეობით ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ სლოვაკურ მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ხაზი გაესვა პარტნიორთა თანადგომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსათვის პრიორიტეტული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში სათანადოდ წარმოჩენისათვის

კონსულტაციებისას განხილული იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და  აღინიშნა საქართველოს  მისწრაფებებისადმი სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სლოვაკურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია, ევროკავშირის წინაშე აღებული კონკრეტული ვალდებულებების, მათ შორის 9 პრიორიტეტის, ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ. ხაზი გაესვა საქართველოს ჩართულობას და თანამშრომლობას ევროკავშირთან, სხვადასხვა სფეროში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის ჩათვლით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა და ის ინიციატივები, რომელთა იმპლემენტაციაც ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად რეგიონის უფრო მეტ ეკონომიკურ ინტერაქციას და ჩართულობას, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ფართო რეგიონალურ კონტექსტში

სლოვაკურმა მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს.  აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება

კონსულტაციებისას ასევე გაიცვალა მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული კომუნიკაცია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.