საქართველოს საელჩოს მონაწილეობა „ევროპული ენების დღის“ აღსანიშნავად გამართულ ენების ფესტივალში
10–11 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „ევროპული ენების დღის“ აღსანიშნავად გამართულ ორდღიან ენების ფესტივალში (LingvaFest), რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორის პატრონაჟით გაიმართა.
საქართველოს კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ენის დამწერლობის თავისებურებებს, ასევე ქვეყნის მდიდარ ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ქართულმა სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია სლოვაკეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელთაგან ბევრმა ენთუზიაზმით სცადა საკუთარი სახელის ქართულად დაწერა.
მოსწავლეებსა და ღონისძიების სხვა სტუმრებს ასევე დაურიგდათ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურები.
