ქართული ენის დღის აღნიშვნა სლოვაკეთში
29-30 აპრილს საქართველოს საელჩომ, პოვაჟსკა ბისტრიცაში საქართველოს საპატიო კონსულთან მჭიდრო პარტნიორობითა და კომენიუსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრატისლავასა და პოვაჟსკა ბისტრიცაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კულტურულ-აკადემიური ღონისძიებები გამართა.
29 აპრილს, კომენიუსის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ წაიკითხა ლექცია „ქართული ენის 16-საუკუნოვანი დოკუმენტირებული ისტორია და მისი მომავალი“. ლექციამ სტუდენტთა და პროფესორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ქართული ენის გარდა თინათინ ბოლქვაძემ ისაუბრა საქართველოში გავრცელებული ენების, ენობრივი პოლიტიკისა და ქართული ენის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
30 აპრილს, პროფესორმა ბოლქვაძემ, საქართველოს საპატიო კონსულის ბატონი ნოდარ გიორგაძის მხარდაჭერით, პოვაჟსკა ბისტრიცას მე-17 საუკუნის ისტორიულ სასახლეში, რომელიც ახლა ცნობილი სასტუმროა Hotel Gino Park Palace, გამართა პრეზენტაცია ქართული ენისა და კულტურის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ოფიციალური პირები პოვაჟსკა ბისტრიცის რეგიონიდან, ასევე, ბიზნეს სექტორის და რეგიონული კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოს საელჩო გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ნოდარ გიორგაძეს, პროფესორ თინათინ ბოლქვაძეს და კომენიუსის უნივერსიტეტს, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.